ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი კვლავ ოლიმპიური ჩემპიონობაა და ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. მარგველაშვილის კომენტარის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
"ვერცხლის მედალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე აქ საჩემპიონოდ ჩამოვედი. რაღაც არ გამომივიდა და დავიკავე მეორე ადგილი. ვულოცავ ამ მედალს ჩემს ოჯახს, გულშემატკივრებს და მთელ საქართველოს. მწვრთნელები, ექიმები, თანაგუნდელები, მეგობრები, ყველანი გვერდით მედგნენ. მე კი ჩემი გასაკეთებელი ბოლომდე ვერ გავაკეთე, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ჩემი მიზანი ისევ ოლიმპიური ჩემპიონობაა და ამას აუცილებლად მივაღწევ", - განაცხადა ვაჟა მარგველაშვილმა.
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოში პირველი მედალი მოიპოვა - ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) დრამატული ფინალი დათმო იაპონელ აბე ჰიფანისთან და საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა.
მარგველაშვილმა დამაჯერებლად იჭიდავა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი დაპირისპირება ნახევარფინალში სამხრეთ კორეელ ბაულ ანისთან, როდესაც უძლიერეს მეტოქესთან ორთაბრძოლა ძალიან ჭკვიანურად წარმართა და ფინალში გასვლით ვერცხლის მედალი გაინაღდა.