გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოთხშაბათს გაემგზავრა ვაშინგტონში, რაც სავარაუდოდ იქნება მისი ბოლო ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში, კანცლერის რანგში.
გერმანიის ვეტარანი ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და სხვა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, განიხილავს კორონავირუსის პანდემიას, ჩინეთის აღზევებას, რუსულ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის საკითხს.
მხარეები სავარაუდოდ იმსჯელებენ ავღანეთთან დაკავშირებითაც.
"ერთი მხრივ, ეს არის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი, მეორე მხრივ კი ხაზს უსვამს გერმანიის და შეერთებული შტატების ურთიერთობების უწყვეტობასა და სტაბილურობას", - განაცხადა იოჰანეს ტიმმა, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის წარმომადგენელმა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელი და ჯო ბაიდენი მოწადინებულები არიან, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას გართულებული ურთიერთობები, გადატვირთონ. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონსა და ბერლინს შორის ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც განსხვავებული პოზიციები აქვთ. ამ საკითხებს შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რუსული გაზსადენი და ჩინეთთან ურთიერთობები.
დიდი ხნის განმავლობაში შეერთებული შტატები ამტკიცებდა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტი საფრთხეს უქმნის ევროპულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ზიანს აყენებს აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებს. მაგრამ ბაიდენმა ცოტა ხნის წინ უარი თქვა მოსალოდნელ სანქციებზე პროექტში მონაწილე გერმანული სუბიექტების წინააღმდეგ, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ შესაძლოა კომპრომისული ვარიანტი გამოინახოს.
რაც შეეხება ჩინეთს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას ძლიერი სავაჭრო კავშირები აქვს პეკინთან, კრიტიკულად უყურებს ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების შელახვას. მერკელს სურს თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც გერმანია ან ევროკავშირი შეიძლება აიძულონ, არჩევანი გააკეთოს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.
კანცლერის ვიზიტი ოფიციალურად 15 ივლისს დაიწყება.