პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ლატვიის კონტროლის პალატის წარმომადგენლები მიიღო. ლატვიელი აუდიტორები ქართველ კოლეგებს უწყების რეფორმირების კუთხით გამოცდილებას უზიარებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონტროლის პალატის რეფორმირება სერიოზული პროცესია და ამ მიმართულებით ბალტიისპირეთის, კონკრეტულად ლატვიის გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
"რეფორმის შედეგად კონტროლის პალატა უნდა ჩამოყალიბდეს ისეთ თანამედროვე სტრუქტურად, რომელიც დაეხმარება ყველას არა მხოლოდ აღკვეთოს საბიუჯეტო ხარჯის არამიზნობრიობა, არამედ მოახდინოს ამ დარღვევების თავიდან აცილება და პრევენცია. ლატვიამ რეფორმები წარმატებით დაძლია და პოსტსაბჭოთა მოდელი თანამედროვე ევროპული აუდიტის სისტემით შეცვალა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება," - აღნიშნა აქრაძემ.
ქართველ და ლატვიელ კოლეგებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება და ინფორმაციის გაცვლა რეგულარულად მოხდება. პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი და კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი ესწრებოდნენ.