ჩინეთის ხელისუფლებამ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს შეიარაღებულ ძალებად უნდა აქციოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.
"ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია უნდა გახდეს მსოფლიო კლასის შეიარაღებული ძალა კიდევ უფრო მაღალი შესაძლებლობებით, რათა შეძლოს საიმედოდ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები", - თქვა ძინპინმა.
ჩინეთის ლიდერის განცხადებით, მხოლოდ ძლიერ შეიარაღებულ ძალებს ძალუძთ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
2015 წლის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების მასშტაბური რეფორმირება დაიწყო, რასაც ბევრმა ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტმა არმიის ისტორიაში "ყველაზე რადიკალური" უწოდა. გარდა იმისა, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა 300 ათასით, 2 მილიონ სამხედრო მოსამსახურემდე შემცირდა სერიოზული ცვლილებები მოხდა შეიარაღებული ძალების ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვისა და კონტროლის სისტემაში.
სი ძინპინმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთისთვის სხვისი ნების თავს მოხვევის ხანა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა