ჩინეთი კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წლისთავს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს.
ღონისძიების ცენტრალური ნაწილი პეკინის მთავარ, ტიანანმენის მოედანზე მიმდინარეობს, რომელსაც 70 000 ადამიანი ესწრება. მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა.
"ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელით, თბილად ვულოცავ პარტიის ყველა წევრს 100 წლის იუბილეს”, - უთხრა პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეკრებილ მოსახლეობას.
როგორც ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, ბოლო 100 წლის განმავლობაში ქვეყანამ უდიდესი ნაბიჯები გადადგა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზაზე.
"ჩვენ ჩინელი ხალხის ყველაზე სანუკვარი ოცნებები ავახდინეთ", - თქვა მან.
1921 წელს დაარსებული მცირერიცხოვანი პარტია წლების განმავლობაში მსოფლიოს უდიდეს პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა, რომელიც თავის რიგებში 92 მილიონ წევრს აერთიანებს და ზედამხედველობს მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკას.
კომუნისტური პარტიის პირველი ყრილობა 1921 წელს შანხაში არალეგალურად გაიმართა.
კომუნისტური პარტია ხელისუფლებაში მოვიდა 1949 წელს, ჩინეთის ნაციონალური სახალხო პარტიის სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ. სწორედ ამ დროს პარტიის ლიდერმა, მაო ძედუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.
ჩინეთის კომპუნისტური პარტიის 100 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნა მიმდინარეობს საერთაშორისო ზეწოლისა და სანქციების ფონზე, რომელშიც ჩინეთი ადამიანის უფლებების შელახვისა და ჰონგ კონგის ავტონომიისთვის ძირის გამოთხრის გამო იმყოფება.