დღეს, 7 ნოემბერს, ზუგდიდში კლოდ დე კემულარიას მემუარების, "ცხოვრება გაშლილი ფრთებით" პრეზენტაცია მოეწყობა.
ქართული წარმოშობის დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა, საკუთარი მემუარების პრეზენტაციას ხვალ ზუგდიდის საგამოფენო დარბაზში გამართავს.
წიგნი, რომელიც 2008 წელს გამოიცა მრავალ ენაზე, ქართულადაც არის ნათარგმნი. მემუარებში ავტორი ბავშვობაზე, მისთვის უცნობ სამშობლოზე, ბოლშევიკური რეჟიმისაგან დევნილ მშობლებზე, პირად ცხოვრებასა და საფრანგეთში მის წარმატებულ პოლიტიკურ კარიერაზე მოგვითხრობს.
წიგნში ავტორი ნათელს ფენს გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, დაგ ჰამერშოლდის კონგოში ტრაგიკულ დაღუპვას, რომელმაც მთელი მსოფლიო შესძრა და იმედოვნებს, რომ შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურები ამ საქმეს სამართლებრივ მსვლელობას მისცემენ.
კლოდ დე კემულარიამ დაამთავრა საფრანგეთის პოლიტიკური ინსტიტუტი. მუშაობდა მინისტრთა კაბინეტში, საფრანგეთის ელჩად ჰოლანდიაში, იყო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, სადაც საფრანგეთს წარმოადგენდა. იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის მრჩეველი და ახლო მეგობარი.
მან ასევე დააფუძვნა ცნობილი ბანკი "პარიბა" და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შექმნა მისი ფილიალები, რითაც საფრანგეთის ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
კემულარიას წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდის შემდეგ, თბილისში, 8 ნოემბერს სასტუმრო "რადისონში" გაიმართება. პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
კლოდ დე კემულარია 1925 წელს დაიბადა. დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მისი ოჯახი საქართველოდან კომუნისტურ რეჟიმს გაექცა და საფრანგეთში დასახლდა.