რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში გაშიფრულ რუსულ ჯაშუშურ ქსელთან კავშირში მყოფი ადამიანი დააჯილდოვა. საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირის "ოტჩიზნას" ხელმძღვანელს ვალერი სვარჩუკს დიმიტრი მედვედევმა პუშკინის სახელობის ორდენით უბოძა.
ვალერი სვარჩუკი არის ის ადამიანი, რომელსაც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პეტრე დარვიშაძე აღიარებით ჩვენებაში ახსენებს. პეტრე დარვიშაძის განმარტებით, სწორედ სვარჩუკმა დააყენა ის აგენტურულ გზაზე და ბიზნესმენი ჯაშუშად აქცია.
ვალერი სვარჩუკმა კრემლში თავის პირველ ამოცანად ადამიანთაDშორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნება დაასახელა. "ბოლო წლების მოვლენებმა რუსეთსა და საქართველოს შორის მძიმე დარტყმა მიაყენა ყველას. ნათესავები, მეგობრები ერთმანეთთან ვერ ჩადიან და ეს ყველას ძალიან აწუხებს", _ განაცხადა სვარჩუკმა კრემლში.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულ პეტრე ნურის ძე დარვიშაძეს, ბიზნესმენს ბრალი ედება ს.ს.კ -ს 311 მუხლით (უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა). გრუ-ს დავალებების შესაბამისად, იგი კონკრეტულ პირებზე ახორციელებდა მეთვალყურეობას.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია სახელწოდებით „ენვერი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩაატარა.
ოპერაციის შედეგად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ფარულ კავშირში მყოფი 13 ადამიანი დააკავეს.
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულებს შორის ოთხი რუსეთის, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეა.