რუმინეთში ებრაელთა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ნაცისტების მიერ, 1941 წელს არიან დახვრეტილები.
როგორც ხოლოკოსტის კვლევის ელივიზელის სახელობის ნაციონალური ინსტიტუტეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამარხი ქალაქ იასის ახლოს, ტყის მასივშია ნაპოვნი, რომელიც ბუქარესტიდან 220 კმ-ში მდებარეობს.
სამარხის პოვნა შესაძლებელი გახდა ერთ-ერთი თვითმხილველის მეშვეობით, რომლის გვარიც არ სახელდება. ცნობილია მხოლოს ის, რომ ის იმ 100 ებრაელს შორის იმყოფებოდა, რომლებიც ნაცისტებმა აღნიშნულ ადგილას დახვრიტეს. თვითმხილველი მხოლოდ იმიტომ გადარჩენილა, რომ მან ნაცისტებს დაუმტკიცა, რომ ებრაელი არ იყო.
რუმინეთის პროკურატურამ "იასის ტყის" ფაქტის გამოძიება უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 1941 წელს, იასში, ქალაქში იმ პერიოდში მცხოვრები 15 ათასი ებარაელი დახვრიტეს. ოფიციალური ბუქარესტი დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა ხოლოკოსტის ფაქტის აღიარებაზე, თუმცა 2005 წელს მან ებრაელებს, ბოშებსა და სხვა ეროვნების წარმომადგენელებს, რომელებიც რუმინეთის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს დახოცეს, ოფიციალური ბოდიში მოუხადა.