ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის მე-100 შეხვედრა დასრულდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში - ზაზა გახელაძის მოსანახულებლად
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალქეების გათავისუფლების საკითხი, მათ შორის ზაზა გახელაძის საკითხიც. ეს საკითხი დაისვა ძალიან პრინციპულად. როგორც ყოველთვის, ამაზე გვქონდა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. იყო შემდგომ კონსულტაციები და ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება. გარდა ამისა, განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს თარიღი ცნობილი გახდება. რაც შეეხება შემდგომ პროცესს, ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რათა პროცესი არ დაზიანდეს“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.