ვაზიანის 42-ე ბატალიონში წუხელ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბაჩო ახალაიას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ განუცხადა.
"ჯარისკაცების ცემის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი პირები განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ", - განაცხადა მახარაძემ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის გაკეთდება თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის ინფორმაციით,42-ე ბატალიონის ალფა ასეულში წუხელ ღამით 15 ჯარისკაცი ცემეს.
როგორც კაკაბაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობა, აღნიშნული ინფორმაცია მან სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებიდან მიიღო.
"გამომიგზავნეს შMშ-ები, სადაც საუბარია, რომ ნაცემია გორელი ჯარისკაცი, კაპრალი ჩოჩელი, რომელიც შვებულებიდან სამხედრო ნაწილში დაბრუნდა და იარაღი დაკარგული დახვდა. ამისთვის მოსთხოვეს პასუხი და სცემეს", - განუცხადა კაკაბაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე თქმით, ნაცემები არიან ასევე სერჟანტი კიკნაძე, რომელმაც შეურაცხყოფის გამო ვენები გადაიჭრა.
"ნაცემია ასევე, გვარად ნადირაძე, სულ 15 ჯარისკაცი", - ამტკიცებს კაკაბაძე.