წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, აფხაზეთში, 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით დაიწყო სამარხების გახსნის ახალი ეტაპი.
როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წელს წჯსკ-ს ექსპერტები, ადგილობრივად გადამზადებულ სპეციალისტებთან ერთად, 30-ზე მეტი სავარაუდო სამარხის გახსნას გეგმავენ, რომელთა შესახებაც ინფორმაციის მოძიება საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.
„92-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ პირთა მოძიების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმი წჯსკ-ს თავმჯდომარეობით ფუნქციონირებს და მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურება – ოჯახებმა შეიტყონ დაკარგული ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ.
2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის (რომელთაგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს) შექმნის შემდეგ, მათი ეგიდით 583 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 206 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.
მთლიანობაში, 2 355 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გრძელდება მუშაობა კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული სხვა ადამიანების ხვედრის დასადგენად.