6 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქალაქ ვილნიუსის ცენტრალურ ლუკიშკიოს მოედანზე საქართველოს დროშა გაიშალა და საქართველოს დროით 17:10 საათზე (1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) საქართველოსა და ლიეტუვის ეროვნული ჰიმნები შესრულდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
მათივე ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა.
გამოსვლისას, ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელობაზე, რომელმაც 103 წლის წინ სახელმწიფოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ჩაუყარა საფუძველი. მან ასევე ისაუბრა ქართველი ერის სულისკვეთებაზე დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე და აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს მიღწევებზე.
აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციისა ქვეყანამ შეძლო მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, უპრეცედენტოდ გაიზარდა ევროკავშირთან ურთიერთობების ინტენსიურობა და ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და ლიეტუვას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გამორჩეულ ურთიერთობებზე, რომელსაც ქართველ და ლიეტუველ ხალხთა შორის არსებული სამაგალითო მეგობრობა ამყარებს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ლიეტუვურ მხარეს, წლების განმავლობაში, მტკიცე და ურყევ მხარდაჭერისთვის როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლიეტუვის მხრიდან გამოცდილების გაზიარებისა და დახმარებისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა, ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, ასევე, მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, ამავე მოედანზე, ღია ცის ქვეშ ორგანიზებულ იქნა ფოტო-გამოფენა, რომელიც ეხება როგორც 1989 წლის 9 აპრილის თემატიკას, ასევე, 1991 წლის რეფერენდუმსა და დამოუკიდებლობის აღდგენას.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად დამზადდა მაისურები საქართველოს რუკის გამოსახულებით, რომლებითაც ღონისძიებაში მონაწილე ქართველი და ლიეტუველი ახალგაზრდები შეიმოსნენ. ამასთან ჰიმნების დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა სიმბოლურად ცაში ეროვნული დროშის ფერების საჰაერო ბუშტები გაუშვეს.