იმ შემთხვევაში თუ რუსეთის პრეზიდენტი კვლავ გაემგზავრება კურილიის კუნძულებზე იაპონიას ამაზე რეაქცია ექნება და მოსკოვის მიერ გადადგმული შემდეგი ნაბიჯების შესაბამისად იმოქმედებს. ეს განცხადება ტოკიოში იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ესიტო სენგოკუმ გააკეთა.
ამავე დროს, მან უარი განაცხადა დაესახელებინა კონკრეტული ვადები იმისა, თუ როდის დაბრუნდება მოსკოვიდან გამოწვეული იაპონიის ელჩი კვლავ მოსკოვში.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ სერგეი პრიხოდკომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი კურილიის კუნძულებზე გამგზავრებას კვლავ აპირებს. მოგვიანებით მედვედევის ეს განზრახვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არავის უთანხმებს თუ რუსეთის რომელი რეგიონი მოინახულოს.
მედვედევის მიერ კურილიის კუნძულების მონახულების ფაქტმა 1 ნოემბერს იაპონიის განაწყენება უკვე დაიმსახურა. იაპონიამ მოსკოვიდან თავისი ელჩი უკვე გაიწვია და ჯერ ჯერობით უპასუხოდაა დარჩენილი კითხვა როდის დაბრუნდება იგი უკან. იაპონიამ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იაპონიის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მოსალოდნელი შეხვედრა.