რუსეთს არ სჭირდება იაპონიის რჩევები კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით - ეს ჩვენი მიწაა. ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონიის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც იაპონიამ რუსეთის პრეზიდენტის კურილიის კუნძულების მეორედ მონახულებისგან თავის შეკავება ურჩია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არავის უთანხმებს, როდესაც მოსანახულებლად რუსეთის რომელიმე რეგიონს ირჩევს.
"არავითარი რჩევა ამ თემასთან დაკავშირებით არ გვჭირდება და თუკი რუსეთის პრეზიდენტის ან რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები გაუგებარია, ვურჩევ მათ, ხელახლა წაიკითხონ ისინი. იქ გარკვევითაა ნათქვამი, რომ ეს ჩვენი მიწაა", _ განაცხდა ლავროვმა იაპონიის პრემიერ-მინისტრის სეიდზი მაეხარას განცხადების კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ, სერგეი პრიხოდკომ, გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი კურილის კუნძულებზე გამგზავრებას კვლავ აპირებს. მოგვიანებით მედვედევის ეს განზრახვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
მედვედევის მიერ კურილიის კუნძულების მონახულების ფაქტმა 1-ელ ნოემბერს იაპონიის განაწყენება უკვე დაიმსახურა. იაპონიამ მოსკოვიდან თავისი ელჩი უკვე გაიწვია და ჯერ ჯერობით უპასუხოდაა დარჩენილი კითხვა, როდის დაბრუნდება იგი უკან. იაპონიამ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იაპონიის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მოსალოდნელი შეხვედრა.