"ეს არის ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს იმისათვის, რომ ვინმემ ისაუბროს რაიმე ტიპის მანიპულაციაზე", - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
მისი განმარტებითვე, ფუნდამენტურად იცვლება ასევე საარჩევნო რეგულაციები.
"ამაში იგულისხმება მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ცვლილება, იგულისხმება საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის ცვლილება, მნიშვნელოვნად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში, შემოღებული იქნება 100- მეტრიანი რადიუსი, უბნების მინიმუმ 10% გადაითვლება და ა.შ. - ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც მოიტანს წინსვლას არჩევნების და საარჩევნო პროცედურების დახვეწის კუთხით. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვიმოქმედოთ არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე, თუმცა ხდება ბუნებრივია მისი განახლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში 17-დან მინიმუმ 10 ახალი წევრი იქნება. ყველა პრინციპული საკითხი არის შეთანხმებული და ჩვენ გვსურს, რომ უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ“, - განაცხადა კობახიძემ.