გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს პალესტინელებთან კონფლიქტის დროს და მკაცრად დაგმო ღაზის სექტორიდან მიმდინარე სარაკეტო თავდასხმები. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.
მისი თქმით, 17 მაისს, ანგელა მერკელი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი განიხილა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის დროს მერკელმა ხაზი გაუსვა ისრაელის თავდაცვის უფლებას.
ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ საომარი მოქმედებები დროულად დასრულდება და აღნიშნა, რომ სარაკეტო თავდასხმებს ისრაელისა და პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.
კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა მიიღებს მკაცრ ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც ანტისემიტიზმს ავრცელებს და ეთნიკურ დაპირისპირებას იწვევს.
დაპირისპირება ისრაელსა და ჰამასს შორის უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ტერორისტებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ამ დროისთვის 3 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.
ისრაელის საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზაში ბოლო მონაცემებით, 220 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელში ჰამასის სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი.