გერმანიის ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროს დადგენილებით, იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეუძლიათ იმგზავრონ გერმანიაში შემოღებულ იქნა მგზავრობის რეგისტრაციისა და თვითიზოლაციის ახალი საერთო ფედერალური წესები.
მგზავრობის რეგისტრაციის ვალდებულება
პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ რისკის შემცველ, დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ვალდებულნი არიან ვებგვერდის მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა.შ.
ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის, ვირუსის ახალი შტამისა და სხვა რისკის შემცველი ქვეყნების სია გამოქვეყნებულია რობერტ კოხის ინსტიტუტის ვებგვერდზე. დადგენილების ძალაში შესვლის დღისთვის საქართველო შედის დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიაში.
ინფიცირების არქონის მტკიცებულების წარდგენა
პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ან იმ ქვეყანაში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ან გერმანიაში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ვალდებულნი არიან იქონიონ ნეგატიური კორონა-ტესტი (PCR ტესტი, რომელიც ჩატარებულია 72 საათით ადრე ან ანტიგენ-ტესტი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს და ჩატარებულია 48 საათით ადრე (ვირუსის ახალი შტამის გავრცელების ქვეყნებიდან მგზავრობის შემთხვევაში -24 საათით ადრე), ან უნდა ფლობდნენ კორონა-ვირუსისგან გამოჯანმრთელებისა ან სრულყოფილი აცრის ჩატარების შესახებ ცნობებს (შემდგომში „მტკიცებულებები“). ეს ვალდებულება არ ეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.
მტკიცებულებათა წარდგენა უნდა განხორციელდეს გამომგზავრებამდე გადამზიდავი კომპანიის და/ან საზღვრის გადაკვეთისას გერმანიის სასაზღვრო მოხელის წინაშე.
საერთაშორისო ტრანზიტის დროს, როდესაც პირს არ უწევს გერმანიის ტერიტორიაზე შემოსვლა, ინფიცირების არქონის მტკიცებულების წარდგენა არ მოითხოვება, ხოლო შენგენის წევრ რომელიმე სხვა ქვეყანაში მგზავრობის გაგრძელების მიზნით საჰაერო გზით გერმანიაში შემოსვლისას, აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა სავალდებულოა.
ტესტირების ცნობა შედგენილი უნდა იყოს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე და წარდგენილი უნდა იყოს მატერიალური ან ციფრული სახით (ცნობის ფოტოსურათი არ მიიღება).
წარსულში გადატანილი კორონავირუს SARS-CoV-2 ინფექციის დამადასტურებელი ცნობა შედგენილი უნდა იყოს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე და წარდგენილი უნდა იყოს მატერიალური ან ციფრული ფორმით (ცნობის ფოტოსურათი არ მიიღება). დიაგნოსტიკა, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული ცნობის გაცემა ჩატარებული უნდა იყოს ლაბორატორიული ფორმით და მისი ჩატარების შუალედი გერმანიის საზღვრის კვეთამდე არ უნდა იყოს 28 დღეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი.
კორონავირუს SARS-CoV-2 ინფექციის წინააღმდეგ ჩატარებული ვაქცინაციის სრული ციკლის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს შედგენილი გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე. ვაქცინაციის ცნობა წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური ან ციფრული ფორმით. (ცნობის ფოტოსურათი არ მიიღება). ვაქცინაცია ჩატარებული უნდა იყოს პაულ-ერლიხის ინსტიტუტის ჩამონათვალში მითითებული ერთი ან რამდენიმე პრეპარატით. ვაქცინაციის ფარგლებში ჩატარებული აცრების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ხსენებული პაულ-ერლიხის ინსტიტუტის ვებგვერდზე მითითებულ პირობებს. ამასთან ბოლო აცრიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 14 დღე.
თვითიზოლაციის ვალდებულება
პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რისკის შემცველ ან დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში გერმანიაში შემოსვლისას ვალდებულნი არიან გადავიდნენ საკუთარი ხარჯებით თვითიზოლაციაში 10 დღის განმავლობაში. იმ ქვეყნიდან შემოსვლის შემთხვევაში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ეს ვადა შეადგენს 14 დღეს. თვითიზოლაციის დროს იკრძალება სახლის ან ბინის დატოვება ან სტუმრების მიღება.
რისკის შემცველ ქვეყნებიდან შემოსულ პირებს შეუძლიათ თვითიზოლაციის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჯანდაცვის პასუხისმგებელი სამსახურებისთვის ელექტრონულად ან მგზავრობის რეგისტრაციის პორტალის მეშვეობით ინფიცირების არქონის მტკიცებულების (ნეგატიური ტესტი, კორონა-ვირუსისგან გამოჯანმრთელებისა ან სრულყოფილი აცრის ჩატარების შესახებ ცნობები ) წარდგენის გზით.
დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანებიდან (მათ შორის საქართველოდან (2021 წლის 13 მაისის მდგომარეობით)) გერმანიაში შემოსულ პირებსთვითიზოლაციის ვადაზე ადრე შეწყვეტა შეუძლიათ მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღის შემდეგ გაკეთებული ნეგატიური ტესტით.
იმ ქვეყნებიდან გერმანიაში შემოსული პირებისთვის, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, თვითიზოლაციის ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელი არ არის.
ინფორმაცია დეტალურად იხილეთ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.