რუსეთმა სმოლენსკთან ჩამოვარდნილი ლეხ კაჩინკის თვითმფრინავის "შავი ყუთების" ჩანაწერები გააფუჭა. ამის შესახებ დღეს პოლონური მედია წერს.
"სმოლენსკთან, მიმდინარე წლის აპრილში ჩამოვარდნილი პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინკის თვითმფრინავის "შავი ყუთების" ჩანაწერების შესწავლის დასრულება შეუძლებელია გარე ხმაურის გამო, რომელიც რუსი სპეციალისტების მუშაობის შემდეგ გაჩნდა", _ წერს პოლონური მედია და აღნიშნავს, რომ ჩანაწერებში ხმაური შესაძლოა ელექტროენერგიის სიხშირის გამო იყოს გამოწვეული, როდესაც მათზე მოსკოვში მუშაობდნენ.
მათივე ინფორმაციით, პოლონეთის პროკურატურის წარმომადგენელთა განკარგულებაში არის მხოლოდ ბორტის თვითჩამწერების ციფრული ასლი, რომელიც პოლონეთის პროკურატურის წარმომადგენლის Yთანდასწრებით გაკეთდა. დისკებზე კი ექსპერტების მიერ აღმოჩენილია გარეშე ხმაური, რომელიც მათი აზრით, შესაძლოა გაჩენილიყო მას შემდეგ, რაც მონაცემები ელექტრომატარებელზე გადაჰქონდათ.
პოლონური მედია ასევე იუწყება, რომ ამჟამად კრაკოვში მდებარე სასამართლო ექსპერტიზების ინსტიტუტი გარეშე ხმაურის მოცილებაზე მუშაობს. სპეციალისტების განცხადებით, ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია, თუმცა ამისათვის სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ მოსკოვში ელექტროდენის სიხშირის მოცულობა, რომელიც იმ დღეს იყო როდესაც ჩანაწერების კოპირება ხდებოდა. ამის გარკვევისათვის პოლონურმა მხარემ რუსულ მხარეს უკვე მიმართა.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ პოლონეთს ლეხ კაჩინკის თვითმფრინავის თვითჩამწერების ასლები 31 მაისს გადასცა. რუს ექსპერტთა მიერ გაკეთებული დასკვნებით, ავიაკატასტროფის მომენტში ტერაქტი, აფეთქება ან ხანძარ თვითმფრინავის ბორტზე არ მომხდარა. მათივე დასკვნის მიხედვით, ასევე მწყობრში იყო, როგორც ლეხ კაჩინკის თვითმფრინავი ასევე სმოლენსკის აეროდრომის ნავიგაციური მოწყობილობები და ტექნიკური მოწყობილობა.
სიტყვიერმა თვითჩამწერმა აჩვენა, რომ პილოტების კაბინაში გარეშე პირები იმყოფებოდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ იქ იმყოფებოდა პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური გენერალი ანჟეი ბლასიკი. საინტერესოა, რომ ახლახანს პოლონურმა ჟურნალმა "ჭპროსტ"-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბლასიკი შესაძლოა ტრაგედიაში ბრალეული ყოფილიყო. კერძოდ, მას პილოტებთან დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა, რასაც შესაძლოა მფრინავების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და მათ მიერ მისაღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა. ამჟამად პოლონური მხარე კატასტროფის მიზეზების გასარკვევად გამოძიებას თავად აწარმოებს.
თვითმფრინავმა "ტუ-154" რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იმყოფებოდა თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა მიმდინარე წლის 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა.
თვითმფრინავი ცუდი ხილვადობისა და ძლიერი ნისლის პირობებში ხეების კენწეროებს გამოედო. ბორტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა - 88 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა. დაღუპულთა შორის იყვნენ - პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე, ქვეყნის მაღალჩინოსნები. პოლონური დელეგაცია კატინში მიფრინავდა, იმისათვის რათა აქ 40-იან წლებში დახვრეტილი პოლონელი ოფიცრების ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობა მიეღოთ.