მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის ხაზგასმით აღნიშნა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის მნიშვნელობა.
„რიცხობრივად და ტექნოლოგიურად უპირატესი მოწინააღმდეგის განეიტრალებისთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, თავდაცვის ძალების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისა და მეტად ამაღლების მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის გზით.