დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის პედაგოგები პროტესტის ნიშნად პროფკავშირებს ტოვებენ.
აღნიშნულის მიზეზი პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაყვალა მაძღარაშვილის მიერ სკოლის დირექტორის დაშანტაჟება გახდა.
როგორც პედაგოგებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, პროფკავშირის ხელმძღვანელი სკოლის დირექტორისგან, მაია ლაპიაშვილისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას "შეურაცხმყოფელი ინფორმაციების გავრცელებით ემუქრება".
"სკოლის ახალ სამეურვეო საბჭოს დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საერთოდ არ უმსჯელია, მაგრამ პროფკავშირების ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც მასწავლებლად მუშაობდა და დირექტორმა სკოლიდან გაათავისუფლა, მედიით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სკოლის დირექტორი მაია ლაპიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სს საქმეა აღძრული და დირექტორი თანამდებობას ბოროტად იყენებს. მისი ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. წინასწარი გამოძიება დაწყებულია სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლების განცხადების საფუძველზე და არა ვინმეს მიმართ. ძალიან დაგვღალა პროფკავშირების ხელმძღვანელის საქციელმა. სკოლას არ ასვენებს და მუდმივად არეულობის შემოტანას ცდილობს. ამიტომაც, პედაგოგების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ პროტესტის ნიშნად, პროკვაშირები დატოვოს", - განაცხადეს პედაგოგებმა.
თავის მხრივ, პედაგოგთა პროფკავშირების დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაყვალა მაძღარაშვილი კი აცხადებს, რომ "დირექტორი დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს".