საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „დიფ სთეითიდან“ ზარს მოჰყვა გიორგი გახარიას გაპრემიერება.
კობახიძის თქმით, პირადად მამუკა ბახტაძისგან იცის, ის არ იყო [ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით] საქმის კურსში.
"საერთოდ არავინ არ ჩააყენა [გიორგი გახარიამ] საქმის კურსში. ეს თავისთავად აჩენს ეჭვებს. თუ რაღაც ისეთი, პრობლემური არ ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში, არც პრემიერ-მინისტრი, არც სუს-ის უფროსი, არც დაზვერვის ხელმძღვანელი, არც სხვა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი? არცერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ეს ნიშნავს, რომ რაღაც უცნაურს აკეთებდა, რბილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან. რეალურად, ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. თქვენ იცით, რა შედეგები მოჰყვა ამას ჩვენი ქვეყნისთვის. გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოჰყვა მილიონი კვადრატული მეტრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია. ეს არის განსახილველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ გახდა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იყო ზარი „დიფ სთეითიდან“ და ამას მოჰყვა მისი გაპრემიერება.
„საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაგრძელდა და დასრულდა ისე, როგორც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა იყო გარკვეულ ეტაპზე საჭირო, თუმცა დღეს ჩვენ არავითარ ასეთ კომპრომისებს აღარ ვუშვებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.