თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება.
მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.