ჭიათურაში სამმა ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მიყენებულ ზარალს აპროტესტებენ.
მათი თქმით, კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება.
მათივე ინფორმაციით, შეთავაზებული კომპენსაცია მიზერულია და მიყენებულ ზარალს არ შეესაბამება, ამიტომ ისინი ზარალის კერძო აუდიტის მიერ დათვლას მოითხოვენ და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ზომებს სხვებიც შეუერთდებიან.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში მათ კომპენსაციების გაცემა დაწყებული აქვთ და ადგილობრივების ნაწილთან შეთანხმება შედგა.
მასივე თქმით, მოლაპარაკებაზე უარს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აცხადებს და რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, აღნიშნული პირები სხვა ძალების მიერ არიან მართული.