ევროკომისიამ ფარმაცევტულ კორპორაცია Pfizer-თან ვაქცინის 1.8 მილიარდი დოზის შეძენის კონტრაქტი დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
კონტრაქტი მოიცავს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 900 მილიონ გარანტირებულ დოზას და 900 მილიონ დამატებით დოზას, რომელიც ევროკომიასიას ეტაპობრივად 2021-2023 წლებში უნდა მიეწოდოს.
"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ევროკომისიამ ახლახან დაამტკიცა კონტრაქტი Pfizer/BionTech-თან გარანტირებული 900 მილიონი დოზისა და დამატებით 900 მილიონი დოზის მიწოდებაზე 2021-2023 წლებში", - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა მიკრობლოგ "ტვიტერზე".
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ვაქცინაციის პროცესი ძალას იკრებს.
მისივე თქმით, ევროკავშირი ახლა უკვე მოემზადება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი ეტაპებისთვის - ხელახალი იმუნიზაცია, ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაცია.