თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლის ქალი და მისი რამდენიმე დღის ჩვილი გარდაიცვალნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ქალმა ნაადრევად იმშობიარა და ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.
"34 წლის ქალი ჩვენთან მოვიდა კოვიდდადებითი, სუნთქვის უკმარისობით, ჟანგბადდამოკიდებული. იყო 29-30 კვირის ორსული. მოვიდა 19 აპრილს, რადგან მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებული იყო და არ იყო მძიმე პაციენტი, თავიდან განთავსდა სამეანო განყოფილებაში. 3 დღის შემდეგ ფილტვების დაზიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა და 22 რიცხვში გადავიყვანეთ რეანიმაციაში, მექანიკურ ვენტილაციაზე. მუდმივად მიდიოდა ნაყოფის მონიტორინგი, 24 რიცხვში მონაცემები ისე შეიცვალა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს საკეისრო კვეთის შესახებ... ბავშვი გახდა ხელოვნურ სუნთქვაზე გადასაყვანი და რამდენიმე დღე იცოცხლა. დედას დროთა განმავლობაში გაუარესდა მდგომარეობა, 27-ში დიალიზი დაგვჭირდა, მერე ცოტა დასტაბილურდა, გუშინ ნაშუადღევს კი გარდაიცვალა", - ამბობს ბოკერიას კლინიკის კლინიკური დირექტორი, ალექსი ვაჩაძე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.