ტრამპის ადმინისტრაციის წლები "რთული პერიოდი იყო" უკრაინისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის წინ, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს რთული პერიოდი იყო და ამ მომენტში ჩვენ ყველანი ერთ საკითხზე ვიყავით ორიენტირებულნი, შეგვენარჩუნებინა შეერთებულ შტატებში ორპარტიული მხარდაჭერა", - თქვა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიევი გააგრძელებს მცდელობებს, განავითაროს ურთიერთობები შეერთებულ შტატებში როგორც დემოკრატებთან, ასევე რესპუბლიკელებთან, რათა ორ ქვეყანას შორის კავშირები უფრო მყარ ნიადაგზე დაშენდეს.
ამასთან, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია, მიმართა თუ არა უკრაინას გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის საქმესთან დაკავშირებით.
გასულ თვეს, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ტრამის ადვოკატის რუდი ჯულიანის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკა უკრაინასთან დაკავშირებული საქმიანობის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
2019 წელს დონალდ ტრამპი დაადანაშაულეს პრეზიდენტ ზელენსკისზე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ზეწოლის მოხდენაში, რათა გამოეძიებინა ჯო ბაიდენის ვაჟის ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა უკრაინაში.
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ კიევი მზად არის გამოძიების ფედერალური ბიუროს დახმარებისთვის, თუ ისინი უკრაინას თხოვნით მიმართავენ, რადგან "მათ დასამალი არაფერი აქვთ".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას არ შეუძლია რუდი ჯულიანის ქმედებები შეაფასოს როგორც დანაშაულებრივი, თუმცა "ის ნამდვილად თამაშობდა პოლიტიკას და საფრთხე შეუქმნა კიევსა და ვაშინგტოს შორის ურთიერთობებს".
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ აგვეცილებინა საფრთხე და შეერთებულ შტატებში ორპარტიული მხარდაჭერა შეგვენარჩუნებინა", - დასძინა კულებამ.