პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ამნისტიის კანონს პარლამენტი 26-30 აპრილის კვირაში დაყოვნების გარეშე მიიღებს.
მისი თქმით, კანონპროექტი ოპოზიციასთან კონსულტაციებით დაიწერება.
"არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც მოხდება დაყოვნების გარეშე.
პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად. საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს. ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში - “ქართულ ოცნებას” არავითარი სუბიექტური ინტერესი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არ გააჩნია და მოლაპარაკების პროცესშიც, შეთანხმების ამ პუნქტის ჩამოყალიბებაში რაიმე დამატებითი პირობა არ შეუტანია", - ამბობს თალაკვაძე.
ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტში 27 აპრილს დარეგისტრირდება. სამოქალაქო საზოგადოება პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან მისი პოლიციელებზე გავრცელება. ამ პირობებში, ამნისტიის კანონით ციხის დატოვება მიუღებელია ნიკა მელიასთვის.