საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნებართვით, საგარეჯოს რაიონში მგლების ლიკვიდაცია დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა განუცხადა, შექმნილია მონადირეთა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც მგლების ლიკვიდაცია დაევალა.
„სოფელ კრასნაგორკას ტერიტორიაზე ერთი მგელი უკვე ლიკვიდირებულია. მონადირეებს ტყვია - წამალი აქვთ დარიგებული და სოფელში რამდენი მგელიც შევა, იმდენს მოკლავენ", - განაცხადა გია ჩალათაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოფელ კრასნაგორკაში მგლები ცხვრის ფარას შეესივნენ და 50 სული ცხვარი დაგლიჯეს. მგლები არაერთხელ დაესხნენ თავს სოფელ მარიამჯვარსაც, სადაც ადგილობრივებს საქონელი დაუგლიჯეს, სოფელ გიორგიწმინას ტერიტორიაზე კი ქალი დაგლიჯეს და შეჭამეს.