ირანის სასამართლო ხელისუფლება ხვალ 3 ნოემბერს ღალატში ბრალდებული ქალის საკინეხ მოჰამმადი აშტიანის სიკვდილით დასჯას აპირებს. განცხადებას ამის შესახებ სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თაბრიზის ციხის ხელმძღვანელობისათვის, სადაც აშტიანი იმყოფება, უკვე გადაცემულია განკარგულება იმის შესახებ, რომ სასჯელი ოთხშაბათს სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი. ამასთან ერთად არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მეთოდით დასჯიან ქალს სიკვდილით - მას ჩამოახრჩობენ თუ მანამ ესვრიან ქვებს ვიდრე არ გარდაიცვლება.
2006 წელს 43 წლის აშტიანს "სანგსარი" მიუსაჯეს - ეს სასჯელის ფორმაა, რომელიც გათვალისწინებულია ისლამური კანონმდებლობით როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა. ეს სიკვდილით დასჯის განსაკუთრებით სასტიკი მეთოდია - ქვებს მანამ ესვრიან ბრალდებულს ვიდრე ის არ გარდაიცვლება. როგორც წესი ეს განაჩენი ცოლქმრულ ღალატში ბრალდებულებისათვის გამოაქვთ. აღსანიშნავია¸რომ ეს სასჯელი ქალების მიმართ უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე კაცების.
აშტიანის განაჩენის შეცვლას უკვე დიდი ხანია ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები, აშშ-სა და საფრანგეთის რიგი მედიასაშუალებები, კულტურისა და საზოგადოების ცნობილი მოღვაწეები.
ირანული წყაროების ინფორმაციით, აშტიანი სასამართლომ ბრალდებულად აღიარა ღალატში, მკვლელობასა და სხვა დანაშაულებებში".