ეს ჩვენი მიწაა _ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მიწა, რუსეთის ტერიტორია და რუსეთის რეგიონი მოინახულა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიმიტრი მედვედევის მიერ კურილიის კუნძულების მიონახულების კომენტირებისას გააკეთა.
"რუსეთი მიუღებლად მიიჩნევს იაპონიის რეაქციას რუსეთის პრეზიდენტის მიერ კურილიის კუნძულების ვიზიტზე და ეს პოზიცია მოსკოვში მყოფ იაპონიის ელჩს აუცილებლად მიეწოდება. ეს ჩვენი მიწაა და რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მიწა, რუსეთის ტერიტორია და რუსეთის რეგიონი მოინახულა", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ იაპონიის ელჩს და ყოველივეს განუმარტავენ.
"ჩვენ ეს ავუხსენით ჩვენს იაპონელ პარტნიორებს, დღესვე დავპატიჟებთ იაპონიის ელჩს იმისათვის რათა კიდევ ერთხელ ნათლად და არაორაზროვნად განვუმარტოთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც რუსეთი-იაპონიის ურთიერთობებს გაართულებს, მაგრამ იაპონურმა მხარემ თავისთვის რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანოს და აქვე კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მისი მხრიდან მსგავსი დემარშები მიუღებელია", _ განაცხადა ლავროვმა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის მთავრობა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ კურილიის კუნძულების მონახულების "საპასუხო ზომების" განხილვას შეუდგა. შესაძლო მისაღები ზომების ვარიანტებს შორისაა: მოსკოვიდან ელჩის გაწვევა ან მისი სამშობლოში დროებითი გამგზავრება.
დღეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა "უკიდურესი სინანული" გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის მიერ კურილიის კუნძულების მონახულების გამო.
"ჩრდილოეთის ოთხი კუნძული ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაა და ეს ჩვენი თანამიმდევრული პოზიციაა. ამიტომაც პრეზიდენტის იქ ჩასვლა უკიდურეს სინანულს იწვევს", _ განაცხადა პრემიერმა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიდზი მაეხარამ კი განაცხადა: "ეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიებია და რუსეთის პრეზიდენტის იქ გამგზავრება ჩვენი ხალხის გრძნობებს ჭრილობას მიაყენებს, ამიტომაც ეს ძალიან დასანანია".
შეგახსენებთ, რომ მედვედევი გახდა რუსეთის პირველი ხელმძღვანელი, რომელმაც კურილის კუნძულები მოინახულა. მათზე უკვე 65 წელიწადია პრეტენზიას იაპონია აცხადებს. მედვედევი კუნძულ კუნაშირზე თითქმის ოთხი საათი გაჩერდა. კურილიის კუნძულებზე ყოფნის დროს მედვედევს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იაპონიასთან ურთიერთობებზე.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კურილიის კუნძულების მონახულებას გეგმავდა. მედვედევის ამ განცხადებამ იაპონიის უკმაყოფილება გამოიწვია და მას ამ გამგზავრებისაგან თავის შეკავება ურჩიეს.