ყოველთვის, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე" ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას ბანერის დაზიანებას ეხებოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბანერი იარაღიდან გასროლის შედეგად დააზიანეს, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
"მე რაღაც ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა განაცხადონ. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებას ექნება შედეგი. მგონია, რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება და მე ეს მგონია იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც უკვე მაქვს, თუმცა, დაველოდოთ. ყოველთვის, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან და ა.შ. რატომაც არა, სხვა ლოგიკა სად არის. რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში ის, რომ ოპონენტმა ესროლოს "ნაცმოძრაობის პარტიას". იმისთვის გააკეთეს, რომ დღეს კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაცმოძრაობის" პლაკატი "დაჭრეს" და "ნაცმოძრაობას" ერჩის "ქართული ოცნება". ნუ, სისულელეა", - განაცხადა კობახიძემ.