მხოლოდ საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები. არჩევნები რომ არ გაყალბებულა და პოლიტპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვავებულ რამეს ამტკიცებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მოლაპარაკებების პროცესი რთულია, თუმცა იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.
"ჩვენ ვამტკიცებდით, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამტკიცებდა იმას, რომ გაყალბდა არჩევნები და ეს ვერ დაამტკიცა. აქ უკვე არის რადიკალური აზრთა სხვადასხვაობა და შესაბამისად, ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მხოლოდ საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. არჩევნები რომ არ გაყალბებულა და პოლიტპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვავებულ რამეს ამტკიცებს. შესაბამისად, აქ არის რა თქმა უნდა, პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა და ბუნებრივია, ეს აისახება თვითონ შეთანხმების პუნქტებზეც. რთული ამოცანა აქვს ბატონ დანიელსონს, თუმცა მე კვლავაც იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი", - განაცხადა კობახიძემ.