ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, შედგება შეთანხმება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საბოლოო შედეგი საღამოს გამოიკვეთება, როდესაც კრისტიან დანიელსონი მხარეებთან შეხვედრებს დაასრულებს.
"ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო დღეს. ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, შედგება შეთანხმება. დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე, ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ.
"ქართული ოცნება" მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის. ჩვენ ამ დიალოგში ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ, რაც არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომელთაც, პანდემიის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და ორმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ მისცა ხმა სხვადასხვა პარტიას.
ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მხარდამჭერების არჩევანსაც და გვინდა ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკურ თანამშრომლობას. ამისთვის "ქართულმა ოცნებამ" ფუნდამენტური, დემოკრატიული რეფორმები გაატარა და, პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ ამ რეფორმებმა მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა და ისეთი პოლიტიკური კულტურა, სადაც არა ზიზღი და ურთიერთდაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა და საქმის მშვიდობიანი განაწილება იქნება შესაძლებელი. ამ დიალოგში, ვფიქრობ, ჩვენ მოგვეცა საშუალება, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კიდევ უფრო დეტალურად აგვეხსნა, რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი და რა გამოწვევები და საჭიროებები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერთი რამ ცალსახაა - ევროკავშირის მხრიდან არის საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში მათი მონაწილეობა სწორედ ამ მხარდაჭერას გამოხატავს”,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.