როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაცია კურილიის კუნძულების დათმობას არ აპირებს. "რუსეთი ქვეყნის ამ რეგიონის განვითარებაში ფულს ჩადებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ ადამიანები აქ დარჩნენ. აუცილებელია აქაურობის განვითარება, ამიტომაც ფულს აუცილებლად ჩავდებთ", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა კურილიის კუნძულებზე ყოფნის დროს. მედვედევი კურილიის კუნძულებზე დღეს ჩავიდა.
მედვედევმა იქ ყოფნის დროს ასევე განაცხადა, რომ კურილიის კუნძულებზე ცხოვრება იქნება ისეთი, როგორც რუსეთის ცენტრალურ რაიონებში.
"აქ საუკეთესო ცხოვრება იქნება, ისეთი როგორიც რუსეთის ცენტრალურ რაიონებშია", _ განაცხადა მედვედევმა.
აღსანიშნავია, რომ კურილიის კუნძულების მონახულების სამახსოვროდ მედვედევმა მაღაზიაში სუვენირები იყიდა. მის ვიზიტამდე მცირე ხნით ადრე კურილიის კუნძულებთან 5,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიდზი მაეხარამ საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ტოკიოში მიხეილ ბელი დაიბარა და მედვედევის კურილიის კუნძულების მონახულების გამო პროტესტი გამოუთქვა.
მედვედევი გახდა რუსეთის პირველი ხელმძღვანელი, რომელმაც კურილის კუნძულებზე ჩავიდა, რომლებზეც უკვე 65 წელიწადია პრეტენზიას იაპონია აცხადებს. მედვედევი კუნძულ კუნაშირზე თითქმის ოთხი საათი გაჩერდა. კურილიის კუნძულებზე ყოფნის დროს მედვედევს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იაპონიასთან ურთიერთობებზე.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კურილიის კუნძულების მონახულებას გეგმავდა. მედვედევის ამ განცხადებამ იაპონიის უკმაყოფილება გამოიწვია.