პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენ დავსვით და ჩვენს სიტყვას თუ არ გაიგონებს, კი არ შევიჭრებით, შევალთ და გამოვათრევთ იქიდან, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ ნიკა მელიას საქმის კომენტირებისას განაცხადა.
"კაცმა გააპროტესტა ოკუპანტის ჩამოსვლა საქართველოში და აპირებდა შესვლას პარლამენტში. მე შევიდოდი პარლამენტში და გავაპროტესტებდი, გამოვათრევდი იმ გავრილოვს გარეთ, რადგან არ ეკუთვნის, ყოველდღე ღობეს აჩოჩებს, ყოველდღე მბომბავს, ყოველდღე მამცირებს, ყოველდღე მჩაგრავს, ის ჩვენი მტერია და მე არ გავაპროტესტო? ოკუპანტი თუ შემოვა და საკანონმდებლო ორგანოში დაჯდება, კი არ შევიჭრები, გამოვათრევ იქიდან. საკანონმდებლო ორგანო ამ მოქალაქეებისაა, ჩვენი მოგონილია პარლამენტი. კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეებმა შევქმენით, პარლამენტი საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნის და არა გია ვოლსკის. პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენ დავსვით და ჩვენს სიტყვას თუ არ გაიგონებს, კი არ შევიჭრებით, შევალთ და გამოვათრევთ იქიდან. ამიტომ რაც ცივილიზებულ სამყაროს მოუფიქრებია – დაწყებული რევოლუციით, დამთავრებული მოფერებით – ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.