ძლიერმა ნალექმა თელავში მდინარე დიდხევის და ჭიჭაყვის ხევის ადიდება გამოიწვია. ამისშესახებ ინფორმაციასრადიო "ჰერეთი" ავრცელებს. მათი განცხადებით, ხევებმა კალაპოტი იცვალა და სოფელ ართანაში ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ანძა წააქცია. წყალდიდობამ სოფელში ორი სასმელი წყლის ჭაბურღილიც დააზიანა. მდინარე ლოპოტამ კი სოფელ ლაფანყურში ცენტრალური გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი დააზიანა, დაიტბორა სოფლის ჭალები.
წყალდიდობამ სოფელ ართანაში და ლაფანყურში საძოვრებისკენ მიმავალ ხიდს ორი მხრიდან მიწა გამოაცალა.
"წყალი თუ არ შეწყდა, შესაძლებელია მთლიანი სოფლები დაიტბოროს. ერთი "კამაცუს" ტიპის ტრაქტორი გვყავდა, რომელიც ტყეშია ჩარჩენილი. ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან საკმარისი სახსრები არ გვაქვს ბიუჯეტში. სოფელ ფშაველში ჭიჭაყვის ხევი გადმოდის და ჩადის ალაზნის სარწყავ არხში. არხი ქვა ღორღით ამოივსო და წყალს უკან აბრუნებს. თუ არ გაიწმინდა - მთლიანი სოფელი დაიტბორება", - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა.
მისი თქმით, ხვალ სოფელ ართანაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება და სასმელი წყლის ერთი ჭაბურღილი გაკეთდება, ხოლო სტიქიის შეჩერება უსახსრობის გამო ვერ მოხდება.
ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას ცენტრალურისგან ელოდება.