მალაიზიაში დაკავებული ქართველების ვინაობა ცნობილია _ დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე. დაკავებულთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რეალ. ტვ" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოჯახის ახლობლები ადასტურებენ, რომ მათი ნათესავები რეალურად მალაიზიაში იმყოფებიან.
დარეჯან კოხტაშვილის შვილის ინფორმაციით, დედამისი მალაიზიაში ერთ თვის წინ გაემგზავრა, ხოლო ბაბუცა გორდაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრი ნამდვილად მალაიზიაში იმყოფება, თუმცა ბოლო პერიოდში მათ მისგან ინფორმაცია არ მიუღიათ.
მალაიზიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს განაჩენს ხუთ დღეში გამოუტანენ. სასამართლო პროცესი ოთხშაბათს გაიმართება. მოსამართლის განაჩენზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ დასჯიან ორ ქართველ ქალს.
ამ დრომდე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკები მათ ბარგში შემთხვევით მოხვდა.
ქალები მალაიზიაში ტურისტული ვიზით თბილისიდან გაემგზავრნენ. სტამბული-მაროკო-კამერუნი-მალაიზია _ ასეთი იყო მარშრუტი. კამერუნში ჩასვლისას კი საქართველოს მოქალაქეებს უცნობმა პირმა ტვირთის მალაიზიაში გადატანა სთხოვა.