ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, უკვე ხვალ გაიტანს.
მმართველი გუნდი მზად არის, იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭიროს. იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მიმართა. საგამოძიებო უწყებას სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმება მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შესაცვლელად სჭირდება.
"საკითხი დაეწერება ბიუროს მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და იურიდიულ კომიტეტს. ამ კომიტეტების სამართლებრივი დასკვნის შემდგომ, უკვე უახლოეს პლენარულ სხდომაზე მოხდება აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს დემოკრატიული პრინციპები და სახელმწიფო ინსტიტუტები. გამომდინარე აქედან, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მის მიერ კანონის შესრულება, ანუ გირაოს გადახდა, ბუნებრივია, რომ მას მოეხსენება იმუნიტეტი და ამის შემდეგომ გაგრძელდება პროცედურა შესაბამისად", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.