საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" თელავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გაიმართა.
მას თელავის ცხრა საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნის 35-მდე პედაგოგი დაესწრო.
როგორც რადიო "ჰერეთი" იუწყება, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე ხუან ეჩანოვე სემინარის მონაწილეებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა.
სემინარის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის შექმნის, გაფართოების ეტაპების და ინსტიტუტების შესახებ; ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელებზე. სემინარზე აგრეთვე საუბარი იყო საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე; ევროკავშირის როლზე საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის საგანმანათლებლო პოლიტიკას.
თითოეული საკითხის განხილვის შემდეგ დისკუსიები გაიმართა. სემინარის
მსვლელობის დროს ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმები: "ევროკავშირი მსოფლიოში", "ლიტვა - ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფო" და "მწვანე მარშრუტი". სემინარის დასასრულს მის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.