"კონსერვატიული პარტიის" თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი გაეროს მიერ დაწესებული ტოლერანტობის დღის აღსანიშნავად თელავის რაიონის სოფელ ყარაჯლის საჯარო სკოლას ესტუმრა. მან პედაგოგებს ტოლერანტობის დღე მიულოცა და ადგილობრივ პრობლემებზე ესაუბრა. პედაგოგებთან შეხვედრისას აღმოჩნდა, რომ ყარაჯალაში დღემდე მოუგვარებელია საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და სასმელი წყლის პრობლემა. ამისშესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რადიო "ჰერეთიდან" აცნობეს.
პედაგოგების თქმით, სოფელში მხოლოდ საუბნო წყლებია გაყვანილი, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის. აღმოჩნდა, რომ ყარაჯლელებმა სოფლის განვითარების პროგრამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
"ჩვენი ჩამოსვლის მიზანი ყარაჯლელებისთვის ტოლერანტობის დღის მილოცვა და მათი პრობლემების გაცნობა იყო. მათ უამრავი პრობლემა აწუხებთ. არ არის გზა, XXI საუკუნეში სოფელში მხოლოდ საუბნო წყლებია გაყვანილი. სოფლის განვითარების პროგრამის შესახებაც არაფერი იციან. სკოლა ავარიულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას დაინტერესდეს სკოლის და სოფლის პრობლემებით", - განაცხადა "კონსერვატორმა" გიორგი მოსიაშვილმა.