აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ "ქართული ოცნების" შემომწირველს 214 000 ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გაუფორმა. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კლევაში, რომელიც Covid-19-ის პერიოდში განხორციელებული შესყიდვებს ეხება და IDFI-მ საეჭვო გარიგებად მიიჩნია.
საუბარია, შპს "ჯიბე"-ზე, რომლის სახელს უკავშირდება აპრილის დასაწყისში შიდა ქართლში მოქმედი მკაცრი კარანტინისას ფერმერებისგან პროდუქტის ყიდვისა და შემდგომი რეალიზების სისტემა. აგრარული ბაზრების დახურვის შემდგომ, ამავე კომპანიის ბაზაზე განისაზღვრა სამი პუნქტი, რომლებსაც საცალო მაღაზიები პროდუქტით უნდა მოემარაგებინა.
"15 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 7 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა ჯამური ღირებულება 730 000 ლარამდეა, მიზნობრიობად კი კორონავირუსისას სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის "სასურსათო კალათით" უზრუნველყოფაა. აღნიშნული თანხიდან 214 000 ლარზე მეტი სამინისტრომ შპს "ჯიბეს" გადაუხადა", - იტყობინება IDFI და აღნიშნავს, რომ შპს "ჯიბეს" მფლობელი ერთ-ერთი სააქციო საზოგადოების, პონტო ჰოლდინგის დირექტორი, გიორგი ბერიანიძე "ქართული ოცნების" შემომწირველია. მან 2017 წელს მმართველ პარტიას 10 000 ლარი შესწირა.
"ჯამში, კომპანიამ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებით 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. შედარებისთვის, მთელი 2019 წლის განმავლობაში და 2020 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ კომპანიას 30 857 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული", - იტყობინება IDFI.