წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ხელშეკრულებები მერიის ადმინისტრაციის უფროსის მამასა და საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორს გაუფორმა , - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კლევაში, რომელიც Covid-19-ის პერიოდში განხორციელებული შესყიდვებს ეხება და IDFI-მ საეჭვო გარიეგებად მიიჩნია.
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ ბაღებისა და სკოლების სველი წერტილების გარემონტების შესყიდვებიდან 3 ხელშეკრულება გაუფორმდა ოდერი არქანიას, რომელმაც ჯამში 67,000 ლარამდე მიიღო. ოდერი არქანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა არქანიას მამაა. ის 2013 წლიდან იღებდა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.
შპს მშენჯგუფი 777-ს გაუფორმდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2 ხელშეკრულება, 41,000 ლარამდე ჯამური ღირებულებით. კომპანია 2020 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა, აღნიშნული ხელშეკრულებები კი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პირველ ოქტომბერს არის ატვირთული. ამავე კომპანიამ 2020 წლის ნოემბერში გაიმარჯვა 16 000 ლარზე მეტი ღირებულების უკონკურენტო ტენდერში, ისე რომ შემსყიდველის მიერ დაწესებული სავარაუდო ღირებულება არ შეცვლილა. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი დიმიტრი შელიაა. ის ინდივიდუალურ მეწარმედაცაა დარეგისტრირებული და 2014-2015 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტისგან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებსაც იღებდა, სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მომსახურებაზე. შელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას ბიზნესპარტნიორია შპს "შე-ლიში", რაც ასევე მითითებულია ღვინჯილიას დეკლარაციაში. აღნიშნულ კომპანიას 2012 წელს ერთი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული, მას შემდეგ ელექტრონულ სისტემაში არ ფიქსირდება.
23 000 ლარამდე ღირებულების ორი ხელშეკრულება გაუფორმდა გიგა ფიფიას, რომელიც ამავდროულად ფიქსირდება ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშ ბრუნვის 13.10-31.10.2020 პერიოდის დეკლარაციაში. მას ანაზღაურების სახით 510 ლარი გადაეცა, თუმცა რა მომსახურებას უწევდა ქართულ ოცნებას, უცნობია", - აღნიშნულია IDFI-ის კვლევის შედეგებში.