სამოქალაქო აქტივისტები ჩხოროწყუს მერიასთან ამ წუთებში აქციას მართავენ და მერის, დავით გოგუას გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, მოსწავლეებისთვის საპირფარეშოს იძულებით დასუფთავების შემდეგ მერმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მიერ მერიის შენობის საპირფარეშოს დაასუფთავების კადრები გუშინ, 31 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
აქციის პარალელურად მერიაში დავით გოგუა სხდომას მართავს და რამდენიმე დღის წინ მოსწავლეების საპირფარეშოების დასუფთავებისთვის წაყვანას განიხილავს. მერიასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
"ეს მიუღებელი ფაქტია. ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება გვქონდა, სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. მე მოკითხული მაქვს ეს საქმე და ჩართულიც ვარ, რომ ყველაფერი ბოლომდე მივიდეს. ვისი ბრალეულობაც იქნება, ყველა უმკაცრესად დაისჯება", - აცხადებს ჩხოროწყუს მერი.
ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ თუ სად მიდიოდნენ ბავშვები და როგორც კი საქმის დეტალები გაიგეს, ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.