ცხოვრების იმ ჩვეულ რიტს, როდესაც ერთად ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა პირბადე, დავდიოდით, ვმოგზაურობდით და ა.შ – კაცობრიობა, ჩემი პირადი გათველბით და პროგნოზით, დაუბრუნდება დაახლოებით, ერთ წელში, წელიწად-ნახევარში, - თქვა NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„გარკვეული პერიოდულობით ჩვენთანაც კეთდება სოციოლოგიური გამოკითხვები. სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 50%-დან 60%-მდე მერყეობს. ნოემბერში უფრო მეტი იყო ეს მაჩვენებელი. მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს, ეიმედებოდათ, იმიტომ, რომ მაშინ სიკვდილიანობა გაიზარდა, რთული სიტუაცია იყო. შემდეგ ეს რიცხვი შემცირდა. ვერ გეტყვით, რომ შემცირება სტატისტიკურად ძალიან სარწმუნოა. ეს მხოლოდ კოვიდვაქცინაზე არ არის. მოგეხსენებათ, ანტივაქცინური მოძრაობა ძალიან ძლიერია მსოფლიოში და ჩვენთანაც. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა. ამიტომ, უნდა მოგვეხმაროთ.
პანდემიის დამარცხების გზა გადის რამდენიმე მიმართულებაზე: შეზღუდვების სწორად და დროულად დაწესება. ოქროს შუალედის ნახვა შეზღუდვებსა და ნაკლებ წნეხს შორის. მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია.
პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამლები და მათი მოხმარება და მე დამრწმუნებული ვარ, ზაფხულში ეს იქნება.
და ის, რომ ვირუსი დაამთავრებს თავის ბიოლოიურ ციკლს და გადაიქცევა მთელი წლის განმავლობაში სუსტ ვირუსად, ან სეზონურ ვირუსად, როგორიც არის გრიპი“, - თქვა გამყრელიძემ.