28 ოქტომბერს, 12.00 საათზე, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის(BSTDB) პრეზიდენტი ანდრეი კონდაკოვი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდება.
შეხვედრის მიზანი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობის გაცნობაა. სტუმარი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მიიღებს ინფორმაციას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელებენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძისა და ანდრეი კონდაკოვის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტი თბილისში ვიზიტისას შეხვედრებს გამართავს ქართული საბანკო სექტორისა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან, რა დროსაც ანდრეი კონდაკოვი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
ანდრეი კონდაკოვი 2010 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს. სხვადახვა წლებში იგი აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში, საინვესტიციო და საფინანსო ურთიერთობებისა და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. 2003-2007 წლებში იყო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2007 წლის ივლისიდან 2010 წლის ივლისამდე კი კონდაკოვი (BSTDB)-ს ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი 1994 წელს შეიქმნა. მისი შტაბ-ბინა სალონიკში მდებარეობს. ბანკის მიზანია რეგიონული პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა, შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. ამ საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო ხაზებით უკვე სარგებლობენ ქართული კომერციული ბანკები („თი-ბი-სი"; „პროკრედიტ ბანკი"; „ვი-თი-ბი" და „ბანკი ქართუ";) გარდა ამისა, ფოთის პორტისა და BSTDB საქართველოს მილსადენის პროექტები.