კანცლერ ანგელა მერკელის პარტია - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი - CDU - 15 იანვრის საღამოს ორდღიან ყრილობას გახსნის.
გერმანიის კოალიციურ მთავრობაში ასევე შედის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტნიორი კონსერვატიულ ბლოკში - ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი CSU და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია SPD.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ყრილობა ერთადერთი მიზნის იკრიბება - აირჩიოს პარტიის ახალი თავმჯდომარე, რომელიც ჩაანაცვლებს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს. ამ უკანასკნელმა ვერ გაამართლა მერკელის მოლოდინები, გამხდარიყო პარტიის ლიდერი და გერმანიის მომავალი კანცლერობის რეალური პრეტენდენტი.
პარტიის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა გასული წლის დასაწყისში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერობისთვის ბრძოლას არ აპირებს და პარტიის ლიდერის თანამდებობასაც დატოვებს.
როგორც წესი, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ხდება საპარლამენტო არჩევნებში კანცლერობის მთავარი კონსერვატიული კანდიდატი, თუმცა ამ წლის არჩევნებზე შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს.
ქრისტიანულ დემოკრატიული პარტიის ყრილობა ორჯერ გადაიდო. თავდაპირველად ის გასული წლის აპრილში უნდა შეკრებილიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო დეკემბრამდე გადაიდო. მოგვიანებით დეკემბერში დანიშნული ყრილობაც გადაიდო და 2021 წლის იანვარში დაინიშნა.
გადაწყდა რომ, ყრილობა, სხვაგვარად პარტიის კონგრესი, ვირტუალურ ფორმატში შეიკრიბება. ყრილობაში მონაწილეობა 1001-მა დელეგატმა უნდა მიიღოს. პარტიის გამგეობის წევრები და თავმჯდომარეობის კანდიდატები CDU-ს ბერლინის ოფისიდან ჩაერთვებიან ვირტუალურ კონფერენციას, სხვა დელეგატები კი სახლიდან.
დელეგატებს პარტიის თავმჯდომარისთვის ხმის მიცემა ორჯერ მოუწევთ, პირველად - ვირტუალურად, მეორედ კი ფოსტით, რათა ეჭვი არავინ შეიტანოს შედეგების ნამდვილობაში. თუ პირველ ტურში აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი დააგროვებს, კიდევ ერთი ვირტუალური ტური გაიმართება.
ორეტაპიანი პროცედურის ჩატარება იმიტომ გადაწყდა, რომ გერმანული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თავმჯდომარის არჩევას მხოლოდ ვირტუალური გზით.
ბიულეტენებში, რომლებსაც დელეგატები ფოსტით გაგზავნიან, მხოლოდ იმ კანდიდატის სახელი იქნება, ვინც ვირტუალურ ტურში მოიპოვებს გამარჯვებას, რაც პროცედურას გაამარტივებს. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ პირობით, რომ დამარცხებული კანდიდატები დანაპირებს შეასრულებენ, აღიარებენ ვირტუალური ტურის შედეგებს და დაჟინებით არ მოითხოვენ, რომ მათი სახელები განთავსდეს ბიულეტენებზე.
გერმანული მედიის ცნობით, თუ გამარჯვებულ და დამარცხებულ კანდიდატებს შორის ხმათა სხვაობა მინიმალური იქნება, მოსალოდნელია, რომ დამარცხებულები დაჟინებით მოითხოვენ მათი სახელის ბიულეტენებზე განთავსებას.
ვის სურს CDU-ს თავმჯდომარეობა
პარტიის ლიდერობის სურვილი გაცხადებული აქვს 3 კანდიდატს - გერმანიის ფედერალური მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრ არმინ ლაშეტს,
ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ როდგენს, რომელიც ადრე მერკელმა ეკოლოგიის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა და მერკელის ყოფილ მეტოქეს ფრიდრიხ მერცს, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან დაბრუნდა.
რეგიონალური წარმოშობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გერმანიის პოლიტიკაში და ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ კონგრესზე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის უდიდესი დელეგაცია მხარს დაუჭერს "მის" კანდიდატს [არმინ ლაშეტს].
65 წლის ფრიდრიხ მერცი პარტიის კონსერვატიულად განწყობილი წევრების ფავორიტია, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ ანგელა მერკელის მიერ დასახულ ლიბერალურ კურსს.
59 წლის არმინ ლაშეტი ფრიდრიხ მერცის სრულიად საპირისპირო კანდიდატი. მას ანგელა მერკელის "კაცად" მიიჩნევენ და დიდი ხნის განმავლობაში CDU-ს თავმჯდომარეობის ფავორიტ კანდიდატად მიიჩნეოდა. მისი რეიტინგი კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაეცა, რადგან მან ვერ წარმოაჩინა საკუთარი თავი, როგორც კრიზისული სიტუაციების მართვის სპეციალისტი.
სამეულიდან ყველაზე ახალგაზრდა 55 წლის ნორბერტ როდგენია. ჩანდა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა რამდენჯერმე დაღმასვლას განიცდიდა, თუმცა მაინც არ დანებდა. ახლა მან თანამედროვე კონსერვატორის როლი მოირგო, რომელიც მხარს უჭერს ქალთა ემანსიპაციას და CDU-ს გარემოსდაცვით ორიენტაციას, აქცენტს აკეთებს კლიმატის დაცვაზე. ბუნდესტაგში საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეობამ მას ქვეყანაში ფართო პოპულარობა მოუპოვა, რის გამოც საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე, დონალდ ტრამპის ექსცენტრიკულობიდან ალექსეი ნავალნის მოწამვლის ჩათვლით,
არაერთი სატელევიზიო გადაცემის სტუმარი გამხდარა.
თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის პუტინის მეგობრები არ არიან
ნორბერტ როდგენმა, ალექსეი ნავალნის "შარიტეს" კლინიკაში მოთავსებიდან ორ დღეში ფაქტობრივად განაცხადა, რუსი ოპოზიციონერი მოწამლული იყო. უფრო მეტიც, მან პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ დანაშაულის ორგანიზებაში.
გარდა ამისა, როდგენმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომ ნავალნის მოწამვლის პასუხად, გერმანიამ უარი უნდა თქვას "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტზე და საერთოდ გადახედოს ყველა სახის ურთიერთობას რუსეთთან.
ფრიდრიხ მერცი, ნავალნის მოწამვლის საპასუხოდ, გამოვიდა მოწოდებით, გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა ორი წლით შეჩერებულიყო. მან ასევე ძალიან მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის მოქმედებები სირიაში და მას "ბარბაროსული" უწოდა.
არმინ ლაშეტი კონკურენტების მსგავსად რადიკალური არ არის და იგი არ აყენებს ეჭვქვეშ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მნიშვნელობას. თუმცა ლაშეტმაც მოუწოდა რუსეთს, გამოიძიოს ინცინდენტი და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.
ვინ არის ანგელა მერკელის ფავორიტი?
პარტიის ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი კანდიდატი უფრო უკეთ გაუმკლავდება გერმანიის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ანგელა მერკელს თავისი სიმპათიები რომელიმე კანდიდატის მიმართ არ გამოუმჟღავნებია. თუმცა მისი ადმინისტრაციის უფროსმა, ჰელგე ბრაუნმა მიანიშნა, რომ მისასალმებელი იქნებოდა თუ ახალ თავმჯდომარეს მთავრობაში მუშაობის გამოცდილება ექნებოდა.
ასეთ ადამიანად შესაძლოა არმინ ლაშეტი მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ როდგენს აქვს მთავრობაში მუშაობის გამოცდილება [ეკოლოგიის მინისტრად], ანგელა მერკელის მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფილების შემდეგ, ეს გამოცდილება როდგენის სასარგებლოდ არ მუშაობს.
ფრიდრიხ მერცს არ აქვს მთავრობაში მუშაობის გამოცდილება. მაგრამ კონკურენტებს შორის სწორედ მერცი ითვლება ყველაზე კომპეტენტურად ეკონომიკურ პოლიტიკაში, ხოლო გერმანიის მომავალი მთავრობის ამოცანა კი პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა უნდა იყოს.
CDU-ს თავმჯდომარე აუცილებლად კანცლერობის კანდიდატი იქნება?
მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაიკავებს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იქნება აუცილებლად საპარლამენტო არჩევნებში კანცლერობის კანდიდატი.
გერმანიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც პარტიამ უფრო პერსპექტიულ კონსერვატორს მიანიჭა კანცლერობის კანდიდატობის პატივი. გარდა ამისა, ამჯერად კორონავირუსის პანდემიამ საგრძნობლად შეცვალა საზოგადოებისა და პარტიების პრიორიტეტები.
ახალ პოლიტიკურ სისტემაში კიდევ ორი ადამიანია, რომლებიც კანცლერობის პოტენციურ კონსერვატიულ კანდიდატებად ითვლებიან.
მათ შორის არის ახალგაზრდა და ენერგიული ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი, რომელიც მერკელის შემდეგ, ყველაზე პოპულარული გერმანელი პოლიტიკოსია, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესში ხარვეზების გამო, კრიტიკის ობიექტი გახდა.
და ბავარიის ასევე ენერგიული პრემიერ-მინისტრი მარკუს სოდერი, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის რადიკალური ზომების მომხრე და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ხელმძღვანელია, რომელიც CDU-ს პარტნიორია მმართველ კოალიციაში.
არჩევნები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შემოდგომაზე გაიმართება.
წყარო: DW