"ქართულმა ოცნებამ" ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება. რეალურია, რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, საზოგადოებაც გამოუცდელი იყო, თუმცა ახლა მოსახლეობამ ისწავლა „არჩევა და კონტროლი“.
"ბოლოს მივიღეთ ყველაზე დიდი გამოცდა - "ნაციონალური მოძრაობა". ისე ძალადობდა საკუთარ ხალხზე, რომ ეს იყო ჩემი მოსვლის მიზეზიც, ვეღარ ვერეოდით. რვა წლის განმავლობაში ჩვენ შევაჩერეთ უკან სვლა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ტრაბახობს, რაც დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკა დაიწყო, იქ ვდგავარო. იდგნენ, მაგრამ 20 წლის განმავლობაში უარესდებოდა მდგომარეობა. "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ეს დაღმასვლა. ჩვენ სტაბილურად, ყველა მიმართულებით გვაქვს პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა. ახლა იტყვიან, ნახეთ რამდენი გაჭირვებულიაო. გასაგებია, ამ გაჭირვებას ხუთ წუთში ვერ დაძლევ. ამას დრო სჭირდება. "ქართულმა ოცნებამ" ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება. რეალურია, რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით. ძალიან ნიჭიერი ხალხისგან შემდგარი გუნდი ემსახურება საკუთარ ხალხს. აქაც თემა დახურულია. თუ ამის შემდეგ, თეორიულად დავუშვათ, აარჩია მოძალადე და უნდა რომ ბატონი ჰყავდეს, მე რაღა შუაში ვარ. ან საზოგადოებას რატომ უნდა ჰქონდეს ჩემთან მოთხოვნა, რატომ არ ბრუნდებაო. რატომ უნდა დავბრუნდე, თუ ვერ გავაკეთე კარგად, აღარც მომესვლება, სხვამ უნდა გაასწოროს და გააკეთოს. საზოგადოების ნაწილი, ვისაც გადაჭარბებული ნდობა შერჩა ჩემდამი, ახლა უფრო ფხიზლად დადგება, რომ უფრო კარგად უყურონ სიტუაციას, უფრო აქტიურები იყვნენ არჩევნებზე, გონებით და არა ემოციებით შეარჩიონ და ხმა მისცენ მას, ვინც მოსწონთ. ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა არჩევა და კონტროლიც. არც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა ჩემზე, თუ ჩემი მსგავსი უნდათ, ვუტოვებ მთელ გუნდს. არც მე უნდა მქონდეს პრეტენზია უკან შემობრუნებაზე. თუ რამე შემეძლო, გავაკეთე, თუ არ გავაკეთე სწორად, მით უმეტეს არ უნდა მოვბრუნდე უკან", - განაცხადა ივანიშვილმა.