გადასახადების გაზრდის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის საკითხი ძალაში 2013 წლიდან შევა. საკონსტიტუციო ცვლილების ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარალმენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაცხადდა, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს.
ამ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით, პრეზიდენტმა პარალმენტს დაახლოებით ერთი წლის წინ მიმართა, თუმცა ცვლილებების საპარლამენტო განხილვა მხოლოდ ახლა დაიწყო. როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო განხილვისას პროექტში გაკეთდა სამი დაზუსტება, საიდანაც ერთი უკავშირდება უკვე მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს დაზუსტება კი შეეხება იმას, თუ ვის აქვს საგადასახადო საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის უფლება.
შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნა დღეს მოქმედი კონსტიტუციით შეუძლია პრეზიდენტს, მთავრობას, პარალმენტს და ამომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობას. თუმცა გადაწყვეტილებას საბოლოოდ იღებს პრეზიდენტი. უკვე მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებში კი გაკეთდა ჩანაწერი, რომ რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის უფლება თავად პერზიდენტს აღარ ექნება. ეს გავრცელდება საგადასახადო რეფერენდუმთან დაკავშირებითაც. კანონპროექტში ასევე გაკეთდა დაზუსტება, რომ რეფერენდუმის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ გადასახადების ზედა ზღვარის გაზრდასთან დაკავშირებით. მესამე საკითხი უკავშირდება ცვლილების ამოქმედების ვადას და პროექტში ჩაიწერა, რომ ეს ცვლილება ამოქმედდება 2013 წლიდან, უკვე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად.