ივანიშვილმა იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა საფრანგეთის ელჩისგან, რომლის მეუღლესაც რაღაც დაუბრუნა, როგორც საჩუქარი პარიზის ცენტრში, - განაცხადა "მთავარ აქცენტებში" საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საპატიო ლეგიონის ორდენით მსოფლიოში ბევრია დაჯილდოებული. მესამე პრეზიდენტმა ერთერთ მაგალითად ცენტრალური აფრიკის იმპერატორი მოიყვანა
“იყო ასეთი ცენტრალური აფრიკის იმპერატორი ბოკასა, როდესაც ჩამოაგდეს, მაცივარში უპოვეს პატარა ბავშვების სხეულები, იყო კანიბალიზმით დაკავებული. ბოკასას ჰქონდა 3 ორდენი ლეგიონის. საპატიო ლეგიონის ორდენი აქვს მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს და სხვადასხვა ხარისხის“, - თქვა სააკაშილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი ყიდულობს ჯილდოებსაც, ისევე როგორც თავის დროზე მან, საფრანგეთის მოქალაქეობა იყიდა.
“იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა საფრანგეთის ელჩისგან, რომლის მეუღლესაც რაღაც დაუბრუნა, როგორც საჩუქარი პარიზის ცენტრში, ჩვენ დროს რომ ელჩი იყო, მაშინდელ ელჩზე ვლაპარაკობ[ერიკ ფურნიე], იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა და ახლა ყიდულობს საპატიო ლეგინის ორდენს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.
საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d'honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს.