უკრაინული მხარე ფრეგატ "გეტმან საგაიდაჩნის" საქართველოს მიმართულებით წამოსვლას უარყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" უკრაინის საბრძოლო საზღვაო ძალების პრეს-ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უკრაინული "გეტმან საგაიდაჩნი" ამ დროისთვის სევასტოპოლის ერთ-ერთ ნავსადგურში გეგმიურ შემოწმებას გადის. ასევე, პრესსამსახურში უარყვეს ინფორმაცია, რომ გემზე რაიმე სახის არასანქცირებულ ქმედებას ჰქონდა ადგილი.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფრეგატს "გეტმან საგაიდაჩნის" სარემონტო სამუშაოები უტარდება და მომავალ წელს დაგეგმილი წვრთნისთვის "აქტიური ძალისხმევისთვის" ამზადებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში უკრაინული ფრეგატი "გეტმან საგაიდაჩნი" აჯანყდა და საზღვაო წვრთნების ჩატარების შემდეგ ხომალდმა სევასტოპოლის ბაზაზე დაბრუნებაზე უარი თქვა. ხომალდმა ნატო-ს დროშა აღმართა და ამ დროისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სავარაუდოდ, ბათუმის პორტისკენ მიემართება.
ეკიპაჟის განცხადებით, ისინი უკრაინაში რუსული ენის გაძლიერებას, მასმედიის ცენზურასა და მზარდ ტოტალიტარიზმს აპროტესტებენ. გარდა ამისა, ოფიცრები ანაზღაურების სიმწირის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებს ერთ-ერთმა ბლოგერმა მიაწოდა.